ru24.pro
World News
Декабрь
2024
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აქციაზე დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს ათდღიანი პატიმრობა დაეკისრა

0
თბილისის საქალაქო სასაართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 28 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს, დანიელ მაიკლ ჯონ ტრავისს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 2 დეკემბერს მიიღო.


ბრიტანეთის მოქალაქე სამართალდამცავებმა პირველი დეკემბრის ღამეს, დაახლოებით ორის ნახევრისთვის დააკავეს. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.


ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს დეტექტივი გიორგი ნოზაძე დაკავების აქტში წერს, რომ „მოქალაქე იყო აგრესიული, მიუხედავად მოწოდებისა, არ ტოვებდა ტერიტორიას, არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.


ბექა ხოხობაშვილი, დაკავებულის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 28 წლის ბრიტანეთის მოადგილე მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებოდა და სახლში, თავისუფლების მოედანზე მისვლას ცდილობდა.


„სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ ის არ იყო აქციის მონაწილე. იმყოფებოდა სხვაგან, სადაც ორ მეგობართან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი და შემდეგ ბრუნდებოდა სახლში. ვიდეო-მტკიცებულებებში, რომლებიც პოლიციელმა წარმოადგინა სხდომაზე, არ ხდება ამ ადამიანის იდენტიფიცირება.


პოლიცია ამბობს, რომ ის ცდილობდა პარლამენტის ჭიშკარში შესვლას, რომელიც დაკეტილია. როგორც გუშინ გვითხრეს, იგეგმებოდა ამ ადამიანის სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა“.


ადვოკატის თქმით, ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში სექტემბერში, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა.




ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დაკავებულია 260 დემონსტრანტი. სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 დეკემბრის დილას გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36-ს შეეფარდა ჯარიმა. 34 -ს ადმინისტრაციული პატიმრობა.


უწყებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია დაკავებულებისა და მათ შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე.