ru24.pro
World News
Ноябрь
2024

მდინარაძე ამბობს რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის გაჩერებით გაზაფხულის და შემოდგომის არეულობები აირიდეს თავიდან

0
"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში მედიასთან საუბრისას განმარტა ხელისუფლების მოტივაცია ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. მდინარაძის ვერსიით, ევროკომისია საქართველოსთვის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას 16 დეკემბერს გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო დაგეგმილი და ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით სწორედ ეს არეულობა აირიდა თავიდან. მეტიც, მდინარაძის თქმით, ყოველწელს გაზაფხულის და შემოდგომის მღელვარებები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებით იყო განპირობებული და ამ გადაწყვეტილებამ ყველა შემდეგ მღელვარებას ნიადაგი გამოაცალა. 


„16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება და ამ თარიღზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები" - თქვა მდინარაძემ და იქვე დააზუსტა, რომ ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არა ევროსაბჭოდან, არამედ ოპონენტებისგან გქონდათ. 


"16 დეკემბერს საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ, რომ წელიწადში ორჯერ, ამ პერიოდში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი" - თქვა მდინარაძემ და გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობის დამტკიცების დროს ქუჩაში პროტესტის არარსებობა სწორედ იმით იყო განპირობებული რომ ოპოზიცია გეგმებს 16 დეკემბერზე აწყობდა. 


"16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე რომ „ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს იმ კითხვაზე - რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდაო“,- აუხსნა მდინარაძემ საკუთარ მხარდამჭერებს.  მან ეს გადაწყვეტილება შეადარა "აგენტების კანონის" მიღების პროცესს - სადაც მდინარაძის ინტერპრეტაციით ოპოზიციას გამოეცალა მთელი ენერგია, რაც არჩევნებზე კარგი შდეგისთვის სჭრიდებოდა. მდინარაძე ასევე ფიქრობს რომ მისი განცხადებით ბევრი ადამიანი მიხვდება, რამდენად "მყარ სიმართლეს" ამბობს და ქუჩაში მღელვარება ჩაცხრება. 




მდინარაძემ ასევე გაიმეორა პრემიერ კობახიძის ნათქვამი ფრაზა, რომ თუკი ევროკავშირი "მაგიდაზე დადებს" გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის შესახებ - მყისიერად მოაწერს ხელი ქართული ოცნება ამას, მაგრამ "ხვეწნას" არ აპირებენ. 


როგორც კობახიძის, ისე მდინარაძის განცხადება საზოგადოებისთვის შეუძლებლის შესაძლებლად შეთავაზების მცდელობაა. 


ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის "მაგიდაზე დადება" შეუძლებელია არსებულ ვითარებაში, რადგან ევროინტეგრაცია საქართველოს მხრიდან მაღალი დაინტერესების არსებობას საჭიროებს, ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები და რიტორიკა კი ამას გამორიცხავს.




გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.


29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.


აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.