ru24.pro
World News
Ноябрь
2024

„კოალიცია ცვლილებისთვის“: მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ხოშტარიას - ხელი

0
ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ იუწყება, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას პარტიის ლიდერები დაშავდნენ.

„ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი, ელენე ხოშტარიას - ხელი. ვანო წერეთელს ოფისამდე შემოჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს. ანა ჭარხალაშვილი ათრიეს და ფეხი დაუზიანეს“, - წერს ფეისბუკზე პარტიის პრესცენტრის წარმომადგენელი მირანდა ბაღათურია.

ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო.

მანამდე პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, - მას შემდეგ, რაც მისი მისამართით აქციის მონაწილეებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ისროლეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული.

აქციის დაშლის პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტებს.

რადიო თავისუფლება ცდილობს მათი ზუსტი რაოდენობის გარკვევას. დაკავებულთა შორისაა პოეტი ზვიად რატიანი.

შსს-ს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

პოლიციელები აგრესიულად ეპყრობოდნენ როგორც დემონსტრანტებს, ასევე ჟურნალისტებს.

ისინი იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებენ აქტივისტებს, დაკავებისას კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით“, პროტესტი „კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით“ დაარბიეს.

აქციის დაშლისას დაშავდნენ ჟურნალისტებიც:


რადიო თავისუფლების რეპორტიორს სახეში მუშტი ჩაარტყეს;
დააკავეს და მალევე ხელწერილით გამოუშვეს "პუბლიკის" ჟურნალისტი ლექსო ქეშელაშვილი, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი და სახეზე ემჩნევა ნაიარევები - ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციამ სცემა.
დაშავდა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციაზე ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა გააკრიტიკა. „მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ“, - განაცხადა მან.

28 ნოემბრის საღამოს სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება „უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე“.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება შეადარა 2013 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, - რასაც „ღირსების რევოლუცია“ მოჰყვა.

სპონტანური, დაუგეგმავი დემონსტრაციის მონაწილეებთან საღამოს მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - რომელიც ცოტა ხნით ადრე დიპლომატიურ კორპუსსა და ოპოზიციას შეხვდა.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, ის შსს-ის სპეციალური დანიშნულების ძალებისკენ წავიდა და მიმართა: „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“

მანამდე მან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს: „არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე“.

ეს მოვლენები ვითარდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე - არჩევნებიდან, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ახალ პარლამენტსა და მთავრობას კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პარლამენტმა ისე ცნო საკუთარი უფლებამოსილება, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას არჩევნების შედეგები გასაჩივრებული ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა პარლამენტის რეგლამენტთან.

28 ნოემბერს, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე „ოცნების“ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.