ru24.pro
World News
Ноябрь
2024

უკრაინის საჰაერო ძალები: ღამის განმავლობაში რუსეთმა სარეკორდო რაოდენობის დრონები გამოიყენა

0

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას შეუტიეს 4 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და სარეკორდო რაოდენობის, 188 უპილოტო საფრენი აპარატით. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

მისი ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა ვორონეჟის და კურსკის ოლქებიდან განხორციელდა, ხოლო დრონებით - ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცის, ჩერნოვიცკის, ტერნოპოლის, როვნოს, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს 76 დრონი. კიდევ 95 „ლოკალურად დაიკარგა“, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, 5 კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი შეტევის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და სახლები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ტერნოპოლის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტების დაახლოებით 70%-ს.

39 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 - ბრიანსკში, 3-3 - კურსკის და ბელგოროდის ოლქებში, 2 - ყირიმში და 1-1 - ორიოლის და ვორონეჟის ოლქებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ხმელეთზე შედეგების შესახებ.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.