ru24.pro
World News
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ თალიბანი შესაძლოა ტერორისტების სიიდან ამოიღოს

0
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში - დუმაში - წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს ექსტრემისტული მოძრაობა თალიბანი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და მმართველი "ედინაია როსიას" წარმომადგენელი შვიდი სენატორი და ხუთი დეპუტატი.

დოკუმენტი საშუალებას იძლევა, სიიდან ამოიღონ ორგანიზაცია, თუ მან " შეწყვიტა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პროპაგანდას, ტერორიზმის მხარდაჭერას და გამართლებას." შესაბამისი გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა მიიღოს.

რუს კანონმდებელთა ინიციატივა დროში დაემთხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუსა და ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ოვერჩუკის ვიზიტს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სადაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მოლაპარაკება გამართეს თალიბანის მთავრობის წევრებთან.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქაბულში 25 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შოიგუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში დღევანდელი მთავრობის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გასაგები გახდა.


განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და ქვეყანა ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანის რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.