ru24.pro
World News
Ноябрь
2024

"უზრუნველვყოთ, რომ ქალებმა შიშის გარეშე იცხოვრონ" - ევროკავშირის ელჩი ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის დღეს

0
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი განცხადებით ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა დაირღვეს ამ საკითხთან დაკავშირებული დუმილი და სტიგმა, რათა ქალებმა შეძლონ შიშის გარეშე ცხოვრება.


"გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: დაახლოებით 736 მილიონმა ქალმა - თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 15-69 წლის ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა" - ნათქვამიაგანცხადებაში.




ევროკავშირი წლებია საქართველოში აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და სახელმწიფოს ეხმარება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმებისა და პოლიტიკის შემუშავებაში.


წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. #არანაირიგამართლება. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“.


საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს ტრადიციულად აქტივისტები და ქალები თბილისში მარშით აღნიშნავენ - წელს ქალთა მარში 15 საათზე დაიწყება თბილისში თავისუფლების მოედნიდან. ქართველი ქალები წელს ემიგრაციაზე აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან თვლიან, რომ "გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე."


"ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს" - წერია ქალთა მარშის ანონსში. ამ მსვლელობაზე ქალები ჩემოდნებით აპირებენ მისვლას - მარში, რომელიც თავისუფლების მოედანზე დაიწყება, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან დასრულდება სოლოლაკში.