ru24.pro
World News
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30

საია თვლის რომ სასამართლო განგებ აჭიანურებს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას

0
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საია 6 ადამიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესზე დაკვირვებით ამტკიცებს, რომ შეინიშნება სასამართლო სხდომების დიდი ინტერვალებით გადადების ტენდენცია, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოასწროს ამ საქმეებზე ბრალდებულების შეწყალება მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.


ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ჩადენილი სამართალდარღვევების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, გიორგი ოგმელაშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი და ფრიდონ ბუბუტეიშვილი. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო არ ცვლის მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ფორმას, პატიმრობას.


"გაურკვეველია განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევაზე და გამოსაკვლევი აღარაფერია, რა მიზეზით უნდა ტოვებდეს სასამართლო პირებს პატიმრობაში, როცა განეიტრალებულია მოწმეებზე ზემოქმედების ყოველგვარი საფრთხე, რაზეც ბრალდება პატიმრობის დასაბუთებისას თითქმის ყველა საქმეში აპელირებდა. საია აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით აქამდეც აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება, არ იყო პატიმრობის შეფარდებისათვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, აბსტრაქტულად არის საფრთხეები შეფასებული და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო" - წერს საია და ხაზს უსვამს იმას, რომ აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს შეუწყნარებელი პოლიტიკის ფონზე ამ დრომდე არ მომხდარა ,,აგენტების კანონის“ პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.


სასამართლოში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ამ ეტაპზე ასე მიმდინარეობს:



საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, რომელთაც ბრალი ჯგუფურად ნივთის დაზიანებასა ან განადგურებაში, კერძოდ, 400 ლარიანი რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში, ედებათ, სასამართლო სხდომის შემდგომ თარიღად 23 სექტემბერის პროცესზე 11 ნოემბერი განისაზღვრა, თუმცა ვერც 11 ნოემბერს მოხერხდა სხდომის ჩატარება სასამართლოს მიზეზით და სხდომა 22 ნოემბრამდე გადაიდო. 22 ნოემბრის სხდომის შემდგომ სასამართლომ სხდომა 1 თვეზე მეტი დროით გადადო და 25 დეკემბერს ჩანიშნა.
გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე, რომელსაც ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავება, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე უკანასკნელი სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა, რის შემდეგაც სხდომა ფაქტობრივად აღარ ჩატარებულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო, ისე რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს რამდენიმე მიმართვის წერილით სხდომის დროულად ჩანიშვნის და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით. მოგვიანებით დაცვის მხარეს ეცნობა, რომ სხდომა 12 დეკემბერს ჩაინიშნა. ეს იმ ვითარებაში როდესაც საქმეზე მხოლოდ 1 მოწმე დაიკითხა და სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდაა ცნობილი, საქმე დასკვნით ფაზაშია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი, დაცვის მხარე კი უთითებს, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 5-10 წუთი დასჭირდება.
გაჭიანურებულია გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებიც, რომელზეც სასამართლო სხდომა 21 ნოემბერს კვლავ გადაიდო, ისე რომ სხდომის კონკრეტული თარიღი არ განსაზღვრულა.
14 ნოემბრის შემდგომ ერთ თვეზე მეტი ვადით - 26 დეკემბერს გადაინიშნა სხდომა ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმეზეც. 20 წლის დემონსტრანტს ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.




"2024 წლის აპრილ-მაისის თვეში ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკვებებისას. გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღევის აღკვეთას. ამ ფაქტებზე რეაგირების არ ქონა, კიდევ უფრო ახალისებს სამართალდამცავ ორგანოებს გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ" - წერს საია 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.