გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეთა თითქმის 79% პუტინს ენდობა
რუსეთის მოქალაქეთა 78,8% ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გამოკითხვის საფუძველზე იტყობინება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი.
ამ მონაცემის მიხედვით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა.
გამოკითხვა ჩატარდა 11-17 ნოემბერს და მასში 18-წელზე უფროსი ასაკის 1600 მოქალაქე მონაწილეობდა. "პირდაპირ შეკითხვას, ენდობიან თუ არა პუტინს, გამოკითხვის მონაწილეების 78,8%-მა დადებითად უპასუხა (არ შეცვლილა).
პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 75,5% (0,8%-ით შემცირდა)", - ნათქვამია სოციოლოგიური სამსახურის ცნობაში.
თუ როგორ მართავს რუსეთის მთავრობა ქვეყანას, მისაღებია 49,8 %-სთვის (0,2 %-ით შემცირდა), ხოლო საკუთრივ პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მუშაობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 52 %-მა (გაზრდილია 0,2 %-ით). მიშუსტინის მიმართ ნდობა გამოხატა 61,4 %-მა (1,1 %-ანი ზრდა).
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის, ისევე როგორც ზოგადად ავტორიტარულ სახელმწიფოებში მოქმედი მსგავსი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგების სანდოობა საეჭვოა და გამოკითხვების ობიექტური წყაროებით შეფასება ვერ ხერხდება.