ალექსანდრე ლუკაშენკო: საქართველო ყელამდე სავსეა დასავლეთის დაპირებებით და მას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე დაბრუნება სურს
„საქართველო ყელამდე სავსეა დასავლეთის დაპირებებით და მას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე დაბრუნება სურს“, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, არ არის საჭირო ინტეგრაციული გაერთიანებებიდან გასვლის დაჩქარება, რაც თავის დროზე უკრაინამ და საქართველომ გააკეთეს, რომლებმაც დსთ დატოვეს.
„საქართველოს მაგალითი ავიღოთ. თქვენ ხედავთ მათი პოლიტიკის გარკვეულ ცვლილებას. ისინი ყელამდე სავსე არიან დასავლეთი დაპირებებით და კვლავ სურთ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება, იმიტომ რომ თქვენი ღვინით, ხორცით, რძით, სხვა ბაზრებზე არავინ შეგიშვებთ. ბაზრები უკვე დიდი ხანია განაწილებულია და მათ დასაკავებლად სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობას. სწორედ ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ. და ვიმუშაოთ უკვე ათვისებულ ბაზარზე“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მან ასევე დაამატა, რომ თუ დასავლეთი ამ ქვეყნებს რამეს შესთავაზებს, მხოლოდ რესურსების ან დასავლეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ.
