ru24.pro
World News
Декабрь
2021

ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგების პროცესს სჭირდება დიდი მუშაობა

0
ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რელიგიურ ლიდერებს ესაუბრა ეროვნული თანხმობის შესახებ ინიციატივის შესახებ. 


„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს-ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.


ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია", - თქვა ზურაბიშვილმა. 


20 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.