ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სენატორი შაჰინი სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ რუბიოს საქართველოზეც ესაუბრა

0

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისადმი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, კოლეგა სენატორს, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად დასახელებულ რესპუბლიკელ მარკო რუბიოს შეხვდა.

სენატორ შაჰინის ინფორმაციით, იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერასა და ჩინეთის მავნე გავლენასთან ბრძოლაზე.

ჯინ შაჰინის თანახმად, განიხილეს საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაც.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ბოლო თვეების განმავლობაში, ე.წ. აგენტების კანონის მიღების და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს „გადატვირთავს".