კახეთში, სოფელ საბუეს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მთებში 22 ნოემბერს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამჟამად ცეცხლის ღია კერები აღარ არის, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, მცირე დაკვამლიანება შეინიშნება.
დამწვარია ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი.
ხანძრის ზონაში პრევენციისთვის მუშაობს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს მხრჩოლავი ადგილების დამუშავება.
ცეცხლი სოფელ საბუეს მთაზე ალპურ, რთულად მიუვალ ზონაში წუხელ საღამოს, 22 ნოემბერს გაჩნდა.
რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი, ჯერ უცნობია.